დღეს ნიკოლო 9 წლის გახდა!

Today, NICOLO turns 9!

".... და მინდა ცოტა განსხვავებულად დავწერო ამ დღეზე. 

ეს ერთგვარი წერილია მათთვის, ვისაც აინტერესებს NICOLO-ს ისტორია, ვინც საკუთარ საქმეს აშენებს ან ჯერ მხოლოდ ოცნებობს მის დაწყებაზე.

მინდა გაგიზიაროთ ამ 9 წლის გზა — წარმატებებით, სირთულეებითა და შეცდომებით, რომლებიც გარედან ხშირად არ ჩანს. იმედი მაქვს, ჩვენი ისტორია ვინმეს შთააგონებს და შეახსენებს, რომ დიდი ამბები პატარა ნაბიჯებით იწყება.

ჩემი და ნიკოლოს ისტორიაც სწორედ ასე დაიწყო.

9 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა 24 წლის ასაკში, რითეილის, წარმოებისა და ბრენდის შენების ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, გადავწყვიტე საკუთარი საქმე დამეწყო.

ყველაფერი 2017 წელს, Tbilisi Mall-ის ერთი პატარა კუნძულიდან დაიწყო, სადაც მხოლოდ ქამრები იყიდებოდა.

იდეა ძალიან მარტივი იყო — შეგვექმნა სივრცე, სადაც მომხმარებელი ხარისხიან ტყავის აქსესუარებს შეიძენდა, რომლებიც დროს გაუძლებდა. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი ბიზნესზე, მაგრამ ერთი რამ ზუსტად მესმოდა და მჯეროდა, რომ შეიქმნებოდა რაღაც ღირებული, რომლის უკანაც ყოველთვის მყარად ვიდგებოდით.

პირველი კუნძული სულ რაღაც 700 ლარი დაგვიჯდა. მახსოვს, ელიავაზე რომ ვუხსნიდი, რისი გაკეთება მინდოდა, ცოტა გაკვირვებული მიყურებდნენ. 😄

მაშინ კომპანიაში სულ ორი ადამიანი ვიყავით — მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი. პროდუქტის დიზაინი, მომარაგება, გაყიდვები, მარკეტინგი, სოციალური მედია და უამრავი ყოველდღიური საოპერაციო საკითხი - მხოლიდ ჩვენ ვიყავით. ყველაფერს თავად ვსწავლობდით, ხშირად შეცდომების დაშვებით და თავიდან დაწყებით. ალბათ ყველაზე მეტად ის გვშველოდა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რამდენად რთულ გზას ვადგებოდით.

პირველი იმედი მალევე გაგვიჩნდა — პროდუქცია, რომლის გაყიდვასაც ერთ თვეში ველოდებოდით, ერთ კვირაში გაიყიდა.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონება პირველი კუნძულის გახსნის ღამეს უკავშირდება.

ღამის პირველი საათია. Tbilisi Mall-ში ვსხედვართ ორი გოგო, ხელში კაბელებით და წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ უნდა ავანთოთ კუნძულის ლოგო. გახსნამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, ჩვენ კი ელექტრიკოსიც არ გვყავს.

ამ დროს სრულიად უცნობმა ადამიანმა გამოიარა, ჩვენს დაბნეულ სახეებს შეხედა და დახმარება შემოგვთავაზა. მოლის ელექტრიკოსს დაუძახა და 15 წუთში პრობლემა მოგვარდა.

მხოლოდ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს ადამიანი Tbilisi Mall-ის დირექტორი ყოფილა.

დღემდე მეღიმება ამ ამბის გახსენებაზე. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს პატარა შემთხვევა თითქოს მთელი მომავალი 9 წლის ერთგვარი სიმბოლო გახდებოდა — ყოველთვის, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება, ჩვენს გზაზე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში გვეხმარებიან.

შემდეგ იყო პირველი ერთგული მომხმარებლები, პირველი დიდი გადაწყვეტილებები, ახალი კუნძულები და ნელ-ნელა მზარდი გუნდი.

Tbilisi Mall იყო პირველი, ვინც ჯერ კიდევ უცნობ ქართულ ბრენდს ნდობა გამოუცხადა. იმ დროს, როცა ქართული წარმოება ჯერ მხოლოდ იწყებდა თავის დამკვიდრებას, ეს ნდობა ჩვენთვის განსაკუთრებით ბევრს ნიშნავდა.

წლები გადიოდა. ვიზრდებოდით, ვსწავლობდით, ვუშვებდით შეცდომებს და ყოველი ახალი ნაბიჯის უკან იმაზე გაცილებით მეტი შრომა იდგა, ვიდრე გარედან ჩანდა.

2023 წელი კი Nicolo-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და, ამავდროულად, ყველაზე რთულ წლად იქცა.

„აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით შესაძლებლობა მოგვეცა, პირველად წარვმდგარიყავით მილანში, ტყავის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე.

ეს ჩემთვის მხოლოდ ბიზნესის განვითარების ახალი ეტაპი არ ყოფილა. ეს იყო ბავშვობის ოცნების ასრულება.

ბავშვობაში ამავე გამოფენაზე სტუმრად ვიყავი ნამყოფი. მახსოვს, როგორ ვუყურებდი მონაწილე ბრენდებს — მაშინ ისინი ჩემთვის თითქმის სუპერგმირები იყვნენ. ადამიანები, რომლებმაც რაღაც საკუთარი შექმნეს და მსოფლიოს წარუდგინეს.

მაშინ ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს მეც მათ ადგილას ვიდგებოდი.

და წლების შემდეგ, მართლაც იქ ვიდექი. ოღონდ უკვე როგორც საკუთარი ქართული ბრენდის დამფუძნებელი.

ზოგჯერ ოცნებები ისე ჩუმად ხდება რეალობა, რომ მხოლოდ უკან მოხედვისას ხვდები, რამხელა გზა გამოიარე.

თუმცა ამ ოცნებამდე მისვლა მარტივი არ ყოფილა.

ყველაფერი ერთი, ერთი შეხედვით, მარტივი იდეით დაიწყო — მოდი, ჩანთებიც ვაწარმოოთ!

იმ დროს ჩვენს საწარმოში მხოლოდ ქამრებისა და საფულეების საწარმოო ხაზი გვქონდა. ჩანთების წარმოება კი სრულიად სხვა სამყარო აღმოჩნდა.

წარმოების შექმნა და განვითარება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის, რაც ამ 9 წლის განმავლობაში გამიკეთებია.

იმ ზაფხულს სხვა საწარმოდან მოწვეული კონსტრუქტორი ჩანთების კონსტრუირებას გვასწავლიდა. ვუყურებდი მის მუშაობას და ვხვდებოდი, რომ მისი წასვლის შემდეგ იმ ცოდნის დიდი ნაწილი ჩვენთან არ რჩებოდა.

ამიტომ თავად ვიდექი საწარმოში და ყველაფერს გუნდთან ერთად ვსწავლობდი. ვცდილობდით, ვუშვებდით შეცდომებს, თავიდან ვიწყებდით, მაგრამ შედეგი მაინც ძალიან შორს იყო იმისგან, რაც წარმომედგინა.

დრო კი გადიოდა.

ივლისში პირველად გამიჩნდა ნამდვილი შიში, რომ სექტემბრისთვის მილანში წარსადგენი კოლექცია უბრალოდ არ გვექნებოდა.

ყველაზე რთული ის იყო, რომ ზუსტად ვიცოდი, რისი შექმნა მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მექცია ეს ყველაფერი რეალობად.

მახსოვს ის უსუსურობის განცდა, როცა მთელი ძალით ცდილობ, ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია, მაგრამ შედეგი მაინც არ მოდის.

და მაშინაც, როგორც Nicolo-ს ისტორიის ბევრ სხვა რთულ მომენტში, ჩვენს გზაზე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებელი გახადა.

ადამიანი, რომელმაც ჩვენი იდეების რეალურ პროდუქტებად ქცევა შეძლო და დღემდე Nicolo-ს გუნდის ნაწილია.

საბოლოოდ, სექტემბერში ჩვენი პირველი ჩანთების კოლექციით მილანში ვიდექით.

მაგრამ სწორედ იქ მივხვდით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ევროპულ ბაზარზე გასვლა გაცილებით მეტს მოითხოვდა, ვიდრე კარგი კოლექციის შექმნას. წინ უდიდესი შრომა, განვითარება და საკუთარი შესაძლებლობების სრულიად ახალ დონეზე აყვანა გველოდა.

ერთია საერთაშორისო გამოფენისთვის კოლექციის შექმნა და სრულიად სხვაა,  მისი სრულფასოვან წარმოებაში ჩაშვება, ხარისხის შენარჩუნება და მომხმარებლამდე მიტანა.

ამისთვის ყველაფერი დეტალურად უნდა შეგვესწავლა.

საკუთარი ფეხით მაქვს მოვლილი მილანის Lineapelle-ის გამოფენა და სტამბულის უამრავი ქუჩა და მაღაზია, სადაც ჩანთების წარმოებისთვის საჭირო მასალები და აქსესუარები იყიდება. საკუთარი ხელით მაქვს შერჩეული ტყავი, ელვა, ფურნიტურა და თითქმის ყველა დეტალი, რომელიც ჩვენს ჩანთებში უნდა გამოგვეყენებინა.

ბიზნესის შენება გარედან ხშირად ლამაზ შეხვედრებად, საერთაშორისო გამოფენებად და წარმატების ისტორიებად ჩანს. თითქოს სულ გაპრანჭულები დავდივართ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ლამაზ გარემოში ვიღებთ.

სინამდვილეში კი მის უკან ხშირად დგას ბოლო ენერგიამდე ბრძოლა, უზარმაზარი რისკი და თავდადება, რომელსაც ვერავინ ხედავს.

მახსოვს, სტამბულში ერთ-ერთი ასეთი დღის ბოლოს, დაღლილს, თავში მხოლოდ ერთი

კითხვა მიტრიალებდა:

ღირს კი ეს ყველაფერი ამდენ შრომად?

და პასუხიც იქვე მქონდა.

კი, ღირს!


იმიტომ, რომ მთელი გულით მჯეროდა — Nicolo-ს შეეძლო გამხდარიყო ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეც დაიმკვიდრებდა ადგილს.

მჯეროდა, რომ შეგვეძლო შეგვექმნა არა უბრალოდ ხარისხიანი ტყავის აქსესუარები, არამედ ბრენდი, რომელიც მომხმარებლისთვის ტყავთან ასოცირებული პირველი არჩევანი გახდებოდა.


თუ ტყავი — მაშინ Nicolo.


ეს იყო ამბიცია, რომლისაც მაშინაც მჯეროდა, როცა ჯერ მხოლოდ ერთი პატარა კუნძული გვქონდა.

და რომლისაც დღესაც ზუსტად ისევე მჯერა, როგორც მაშინ.


2023 წლის შემდეგ კი Nicolo-ს ისტორიაში დაიწყო განვითარების ისეთი სწრაფი ეტაპი, როგორსაც თავადაც ვერ წარმოვიდგენდი.

მილანის პირველ გამოფენას მეორე მოჰყვა, მეორეს — მესამე. მას შემდეგ წელიწადში ორჯერ ვბრუნდებით მილანში და ყოველი ახალი გამოფენა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვიხსნის.

პირველ საერთაშორისო ბაიერს მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე… გაფორმდა პირველი საექსპორტო კონტრაქტები ესპანეთსა და იტალიაში.

ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდა, ნელ-ნელა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდებოდა.

და შემდეგ იყო ჩინეთი!

ისევ „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით, Nicolo-ს კოლექცია ჩინეთში წარვადგინეთ.

უცნაურად ჟღერს, არა? ქართული ტყავის აქსესუარების ბრენდი — ჩინეთში!

მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ უყვართ Nicolo ჩინეთში. რამდენი მომხმარებელი გვყავს ყოველწლიურად და რამდენი მათგანი ბრუნდება ისევ ჩვენი პროდუქტის შესაძენად.

თავიდან ჩემთვისაც დაუჯერებელი იყო. შემდეგ კი ეს გაოცება ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო განცდად იქცა.

წარმოიდგინეთ, როგორია, როცა შენ მიერ საქართველოში შექმნილი ბრენდი მსოფლიოს მეორე ბოლოში ვიღაცისთვის სასურველი და საყვარელი ხდება. როცა სრულიად სხვა კულტურის, ენისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანები შენს პროდუქტს ირჩევენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ ბრუნდებიან.

აი, ეს არის ის მომენტები, როცა მუცელში ისევ ის პეპლები ჩნდებიან, რომლებიც ალბათ 2017 წელს, პირველი გაყიდვების დროს ვიგრძენი.

ჩინეთს იაპონია მოჰყვა. შემდეგ ისევ იტალია, ახალი გამოფენები, ახალი შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები.

და ამ ყველაფრის პარალელურად ნელ-ნელა კიდევ ერთი, გაცილებით თამამი იდეა გაჩნდა.

რა მოხდებოდა, თუ სხვა ქვეყანაში მხოლოდ პროდუქციას კი არ გავიტანდით, არამედ თავად გავხსნიდით Nicolo-ს?

ჩვენი არჩევანი უზბეკეთზე შეჩერდა.

ალბათ იმიტომ, რომ იმ დროისთვის უკვე მზად ვიყავით ახალი გამოწვევისთვის. უზბეკეთი კი საინტერესო, მზარდი ბაზარია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა გვინდოდა.

ამ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად 9-წლიანი გზა გავიარეთ.

ამ წლებმა გვასწავლა, როგორ უნდა შექმნა პროდუქტი იდეიდან საბოლოო შედეგამდე. როგორ ააშენო წარმოება, სადაც ხარისხი შემთხვევითობაზე კი არა, გამართულ პროცესებზეა დამოკიდებული. როგორ მართო ბიზნესი, ფინანსები, რისკები და ადამიანები, რომელთა ყოველდღიური შრომის უკანაც უდიდესი პასუხისმგებლობა დგას.

ვისწავლეთ, რომ ზრდა მხოლოდ ახალი მაღაზიების გახსნას არ ნიშნავს. ზრდა ნიშნავს სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ზოგჯერ კი ყველაზე მიმზიდველ შესაძლებლობაზე უარის თქმასაც.

ვისწავლეთ, რომ ყველა იდეა არ ამართლებს, ყველა გადაწყვეტილება სწორი არ არის და შეცდომები ზოგჯერ იმაზე ძვირი გვიჯდება, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ვისწავლეთ მომხმარებლის მოსმენა, მისი ნდობის მოპოვება და შენარჩუნება. ვისწავლეთ, რომ ბრენდი მხოლოდ ლოგო, ლამაზი პროდუქტი ან კარგი მარკეტინგი არ არის — ბრენდი არის დაპირება, რომელსაც ყოველდღე უნდა ასრულებდე.

და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი — ვისწავლეთ, რომ ყველაფრის ცოდნა აუცილებელი არ არის, მაგრამ აუცილებელია გქონდეს გამბედაობა, ისწავლო ის, რაც ჯერ არ იცი.

ამ ყველაფერმა მოგვცა თავდაჯერება, რომ Nicolo-ს განვითარება საქართველოს საზღვრებს მიღმაც საკუთარი ძალებით გაგვეგრძელებინა.

ასე დაიწყო ჩვენი უზბეკური თავგადასავალი.

იდეიდან პირველი კუნძულის გახსნამდე მთელი ერთი წელი გავიარეთ.

ერთი წელი ახალი ბაზრის შესწავლის, უამრავი შეხვედრის, მოლაპარაკების, გადაწყვეტილების, გაურკვევლობისა და სრულიად ახალი პასუხისმგებლობების.

რადგან ერთია პროდუქციის ექსპორტი და მეორე — უცხო ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის დაწყება. იქ, სადაც სხვა წესებია, სხვა მომხმარებელი, სხვა ბიზნესგარემო და სადაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მიუხედავად, ბევრი რამის სწავლა ისევ თავიდან გიწევს.

და თითქოს Nicolo-ს ისტორიის ეს უცნაური კანონზომიერება აქაც განმეორდა.

ყველაზე საჭირო დროს ჩვენს გზაზე ისევ გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

დღეს კი Nicolo-ს საკუთარი სივრცე აქვს ტაშკენტის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში, სადაც ჩვენი კოლექცია უკვე ახალ ბაზარსა და ახალ მომხმარებლებს ეცნობა.

ზოგჯერ ვფიქრობ, მართლა რამხელა გზა გავიარეთ იმ პირველი, 700-ლარიანი კუნძულიდან დღემდე.

Nicolo-ს კი ერთი უცნაური თვისება აქვს — როგორც კი მგონია, რომ კიდევ ერთი დიდი ეტაპი დავასრულეთ და შეგვიძლია ცოტა ხნით მაინც ამოვისუნთქოთ, ჰორიზონტზე ახალი გამოწვევა ჩნდება.

ამჯერად ეს ბაჰრეინია.

დღეს უკვე ვმუშაობთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო საერთაშორისო პროექტზე — Nicolo ბაჰრეინში, სადაც ჩვენი პირველი კოლექცია უკვე გავგზავნეთ.

კიდევ ერთი ახალი ქვეყანა, ახალი კულტურა, ახალი მომხმარებელი და შესაძლებლობა, რომ საქართველოში შექმნილი პროდუქტი მსოფლიოს კიდევ ერთ ნაწილს გავაცნოთ.

და ალბათ ეს არის ის, რაც Nicolo-ში ყველაზე მეტად მიყვარს — აქ არასდროს მთავრდება ოცნებები. ერთი ახდენილი ოცნება ყოველთვის ახალს უთმობს ადგილს.

მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას გაცილებით მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე საერთაშორისო გამოფენები, ახალი ბაზრები ან გაყიდვების ზრდაა.

ადამიანები.

Nicolo-ს ისტორია ორი ადამიანით დაიწყო. დღეს კი ჩვენ უკვე ერთი დიდი გუნდი ვართ, რომელიც წლების განმავლობაში ნელ-ნელა შეიკრა და ჩემთვის ნამდვილ ოჯახად იქცა.

ალბათ, თუ მკითხავთ, ამ 9 წლის განმავლობაში რით ვამაყობ ყველაზე მეტად, ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს იქნება — ადამიანები, რომლებიც Nicolo-ს ქმნიან.

ჩვენთან თანამშრომლები მოდიან და წლების განმავლობაში რჩებიან. ერთად ვიზრდებით, ერთად ვსწავლობთ, ერთად ვუშვებთ შეცდომებს და ერთად ვზეიმობთ წარმატებებს.

ბევრი მათგანი Nicolo-ში მაშინ მოვიდა, როცა ჯერ კიდევ განვითარების საწყისს ეტაპზე ვიყავით. დღეს კი მათთან ერთად განვლილ გზას რომ ვუყურებ, ვხვდები, რამდენად დიდი ნაწილი უკავიათ ამ ისტორიაში.

Nicolo მხოლოდ ჩემი შექმნილი ბრენდი აღარ არის. ეს არის ათეულობით ადამიანის ყოველდღიური შრომა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და სიყვარული.

ჩვენი საწარმოს გუნდი — ადამიანები, რომელთა ხელშიც იდეები რეალურ პროდუქტებად იქცევა.

ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ თითოეულ დეტალზე, თითოეულ ნაკერზე, თითოეულ ჩანთასა თუ აქსესუარზე.

რომლებმაც ჩემთან ერთად ისწავლეს, შეცდომები დაუშვეს, არაერთი რთული ეტაპი გაიარეს და დღეს უკვე იმ ხარისხს ქმნიან, რომლითაც Nicolo საერთაშორისო ბაზრებზე წარდგება.

მათმა შრომამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ საქართველოში შექმნილ პროდუქტზე ამაყად დაგვეწერა — Made in Georgia.

ზოგჯერ მომხმარებელი ხედავს მხოლოდ საბოლოო პროდუქტს — ლამაზ ჩანთას, საფულეს ან ქამარს. მაგრამ მე ვიცი, რამდენი ადამიანის ხელში გაიარა მან, რამდენი ყურადღება, მოთმინება და შრომა დგას მის უკან.

და ამ ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი რითეილის გუნდი — ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ხვდებიან მომხმარებლებს და Nicolo-ს სახეს წარმოადგენენ.

მათი გულწრფელი დამოკიდებულება, ყურადღება და პროფესიონალიზმი ხშირად სწორედ ის მიზეზია, რის გამოც მომხმარებელი ჩვენთან ბრუნდება.

შეიძლება შექმნა საუკეთესო პროდუქტი, მაგრამ ადამიანები აქცევენ მას ბრენდად, რომელსაც ენდობიან და უყვართ.

მადლიერი ვარ თითოეული მათგანის, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს, რომ Nicolo-ს მთავარი ღირებულებები მომხმარებლამდე მივიდეს.

ამ 9 წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი საქმეები მარტო არ კეთდება.

შეიძლება იდეა ერთ ადამიანს ეკუთვნოდეს, მაგრამ მის რეალობად ქცევას ბევრი ადამიანის რწმენა, ერთგულება და თავდადება სჭირდება.

და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხვდები, რომ ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა მხოლოდ ის არ არის, სადამდე მივიყვანეთ Nicolo.

ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, ვისთან ერთად გავიარეთ ეს გზა.

დღეს, როცა ჩვენს გუნდს ვუყურებ, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ Nicolo ბევრისთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები პროფესიულად იზრდებიან, საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ და საერთო წარმატებაში საკუთარ წვლილს ხედავენ.

და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მომხმარებლებს — ადამიანებს, რომლებმაც ჯერ კიდევ უცნობ ქართულ ბრენდს ნდობა გამოუცხადეს, შეგვიყვარეს და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად მოდიან. თქვენი ნდობის გარეშე ეს ისტორია ასეთი ვერ იქნებოდა. ❤️

მოსაყოლი კიდევ ძალიან ბევრია. ამ 9 წელში იმდენი ისტორია, სირთულე, გამარჯვება და დაუვიწყარი მომენტი დაგროვდა, რომ ყველაფრის ერთ პოსტში ჩატევა შეუძლებელია.

სიამოვნებით მოვყვებოდი კიდევ ბევრს და აუცილებლად მოვყვები — უბრალოდ სხვა ფორმატში. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ წლების განმავლობაში Nicolo-ს გვერდით იდგნენ და დღესაც დგანან. ადამიანებზე, ვინც თავისი კვალი დატოვა ამ ისტორიაში. მათ გარეშე ეს გზა ასეთი ვერ იქნებოდა.


ახლა კი მინდა მხოლოდ ერთი რამ ვთქვა:

ძალიან მიყვარს ეს 9 წელი.

მიყვარს თავისი სირთულეებით, შეცდომებით, შიშებით, გაბედული გადაწყვეტილებებით, პატარა და დიდი გამარჯვებებით. მიყვარს ყველა ადამიანი, ყველა გაკვეთილი და ყველა ის მომენტი, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.

და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ეს ისტორია ჯერ კიდევ იწერება.

გაუმარჯოს Nicolo-ს! ❤️🥂"

ნინი სუხიტაშვილი
ნიკოლოს დამფუძნებელი